სოლოლაკის ქედზე, წლების წინ, პატარა უბანში 20-25 ოჯახი ცხოვრობდა. მათი ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესო ხედი იშლებოდა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის აშენების შემდეგ უბანი თანდათან დაიცალა, ტერიტორიები კი ბიზნესმენის საკუთრება გახდა.
მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა განაცხადა უარი სახლების გაყიდვაზე. ახლა კი ისინიც ტოვებენ საკუთარ საცხოვრისს.
სახლები ბიზნეს-ცენტრის ჩრდილში
რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი არ დათმო, თუმცა, ბიზნეს-ცენტრის აშენების შემდეგ რთულ არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი სახლების მთავარი ღირსება, ხედი ქალაქზე, ბლოკით ნაშენმა 10 მეტრამდე სიმაღლის კედელმა დაფარა. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრსა და უბანში დარჩენილ სახლებს ერთმანეთისგან სწორედ ეს კედელი ჰყოფდა. თბილისის ხედთან ერთად მოსახლეობამ სუფთა ჰაერიც დაკარგა.
კოჯრის გზატკეცილზე აგებული სამანქანო გვირაბიდან უბანში მხოლოდ ერთი გზა ადის - მასთან ერთად მთელი გამონაბოლქვი, რომელიც გვირაბში სავენტილაციო სისტემის გაუმართავი მუშაობის გამო გროვდება, ეზოებში იფანტება. გვირაბის აშენების შემდეგ უბანს უახლოესი ავტობუსის გაჩერებაც გაუუქმდა. სოლოლაკიდან უბანში საზოგადოებრივი ტრასნპორტით მისასვლელად გვირაბის ფეხით გავლა გიწევს, რადგან ბოლო გაჩერება სოლოლაკშია, კოჯრის გზატკეცილის დასაწყისში. არის მეორე გზაც, ავტობუსით მიხვიდე GDS-ის (ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის) შენობასთან და შემდეგ უბანში მისასვლელად ფეხით უკან 50-60 მეტრი გაიარო.
ამ პირობებით შევიწროებულმა მოსახლეობამ ბოლოს და ბოლოს საკუთარი სახლები, სადაც უკვე ათეულობით წელია ცხოვრობდნენ, ბიძინა ივანიშვილს მიჰყიდა. სანაცვლოდ ოთხმა ოჯახმა სამასი ათასი დოლარი მიიღო. ამჟამად ისინი სახლებს ცლიან. ივანიშვილი კი ბიზნეს-ცენტრსა და უბანს შორის აღმართულ კედელს ანგრევს.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდგარი ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტი ამჟამად ტელეკომპანია GDS-ს უკავია. მას ს.ს. “ქართუ ჯგუფის” დაკვეთით მინის კონსტრუქცია მიაშენეს, რომელსაც მრავალფუნქციური გასართობი ცენტრი ეწოდება. თუმცა, თბილისის მერიამ “ქართუ ჯგუფს” ცენტრის გამოყენების უფლება ტექნიკური ხარვეზების გამო არ მისცა. ახლა მის გვერდით მიწა მოჭრეს და ცენტრს, რომლის ექსპლუატაციის უფლებაც არ აქვთ, დამხმარე ნაგებობას აუშენებენ.
საბჭოთა კავშირის დროს თბილისის ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში კრწანისის მეურნეობა, ქუთაისის ბაღი და წავკისის ხეობა იყო. ერთად აღებული მათი ფართობი 128 ჰას უტოლდებოდა. დროთა განმავლობაში ზემოთ ნახსენები ტერიტორიები თბილისის ბოტანიკურ ბაღს გამოეყო. ახლა ბაღის ფართობი 96,06 ჰექტარია.
პროექტის არქიტექტორი დღეს "ქართუ ჯგუფში" აღარ მუშაობს. როგორც სულხანიშვილი ამბობს, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრში კლუბი უნდა ყოფილიყო და მოცეკვავეებს უნდა ევარჯიშათ. თუმცა, შენობა მოგვიანებით GDS-მა დაიკავა.
GDS-ის დაცვის სამსახური ტელევიზიის მიმდებარედ გადაღებული ფოტოების წაშლას ითხოვდა, რადგან ტერიტორია კერძო საკუთრებაა. თუმცა, ამ მასალის გადარჩენა შევძელით. ამ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ დამხმარე ნაგებობისთვის მიწა უკვე მოჭრილია და ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. საპროექტო არეალი 2 200 კვ.მ.-ია, დამკვეთი ს.ს. "ქართუ ჯგუფი" გახლავთ.
სამშენებლო მოედანი
დამხმარე ნაგებობისთვის განკუთვნილი ნაკვეთი კოჯრის გზატკეცილის N13-ის მიმდებარე ტერიტორიაა. 2013 წლის 28 იანვრამდე ეს ფართობი ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას ეკუთვნოდა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში მხოლოდ ის სამუშაოებია დასაშვები, რაც სივრცის გამართული მუშაობისთვისაა აუცილებელი.
2013 წლის 23 იანვარს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომის ოქმიდან, ირკვევა რომ გიორგი ტიკურიშვილი ითხოვს ძველი თბილისის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის N13-ში, "სტელა თბილისი"-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებას. რადგან GDS-ის ტელევიზიას რეკვიზიტებისა და დეკორაციების შესანახად დამატებითი შენობა დასჭირდა. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით , 2013 წლის 28 იანვარს ნაკვეთის სტატუსი შეიცვალა და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. სარეკრეაციო ზონა 2-ში კი სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ახალი, სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება კანონმდებლობის დაცვითაც შესაძლებელია. “არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, სადაც დადგენილია ქალაქის ზონები. მაგრამ თავის დროზე ეს გეგმა საკმაოდ ნაჩქარევად შეიქმნა, ამიტომ ბევრი უზუსტობაა დაშვებული. მაგალითად, შეიძლება, ფაქტობრივი მონაცემებით საგზაო ზონა კვეთდეს საცხოვრებელ ზონას, მაგრამ მას ერქვას სატრანსპორტო ზონა და დაუშვებელია იქ რაიმეს მშენებლობა. ამიტომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ზონების სტატუსი გარკვეული, არგუმენტირებული საჭიროების საფუძველზე შეიცვალოს. ძირითადად, ზონის ცვლილება ხდება მაშინ, როცა ნაკვეთის მფლობელს უნდა რაიმეს აშენება და ზონის სტატუსის გამო ეს შეუძლებელია. მსურველი მიმართავს თბილისის მერიას განცხადებით და შემდეგ ზონალური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ჩვეულებრივი უკვდავებისთვის პასუხი ყოველთვის უარყოფითია. მაგრამ თუ არსებობს კერძო, კორუფციული ინტერესები ან ზონის სტატუსის ცვლილება გავლენიან პირს სურს, პასუხი უმეტესად დადებითია,” - გვეუბნება ზაზანაშვილი.
“ქართუ ჯგუფის” იურისტმა, ია გამცემლიძემ გვითხრა, რომ მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის (ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის, ამჟამად GDS-ის გვერდით აღმართული მინის კონსტრუქცია) დამხმარე ნაგებობის მშენებლობის საკითხი მერიასთან უკვე შეთანხმებული იყო და დამატებითი კითხვებით გვირჩია მერიისთვის მიგვემართა. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, თეა შათირიშვილს კითხვით მანამდე, 13 თებერვალს მივმართეთ. გვაინტერესებდა რა არგუმენტების საფუძველზე შეეცვალა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ად იქცა.
როგორც აღმოჩნდა, ზონის სტატუსის შეცვლის მიზეზის განმარტება მხოლოდ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნინიძეს შეუძლია. მისგან კი, პასუხი კითხვაზე დღემდე ვერ მივიღეთ.
ლევან ასაბაშვილი სოლოლაკში ცხოვრობდა. ის არქიტექტორია და ქალაქი, როგორც სოციალური სივრცე მისი უშუალო ინტერესის სფეროცაა. ლევანი ფიქრობს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ ბიზნეს ცენტრის მშენებლობამ უბანში ბევრი რამ შეცვალა.
Newscafe-ს ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ვიდეოში ლევანი სოლოლაკის მთის სამხრეთ ქედზე მეგზურობას გვიწევს, რათა ეს ცვლილებები ჩვენც დაგვანახოს.